Participate Translate Blank profile picture

შერჩევითი სამართალი

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

ანიტა თვაური

თბილისის ქუჩებში პროტესტის ნიშნად დადგმულ ერთ-ერთ საკანს ოპოზიციის მხარდამჭერებმა განსხვავებული ფუნქცია დააკისრეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთ გამოსასვლელ კართან დადგეს და “სირცხვილის დერეფანი” დაარქვეს. ამ დერეფანში გავლა არხის ყველა თანამშრომელს უწევს, მათ აქციის მონაწილეები აცილებენ შეძახილებით “სირცხვილია”.

იმის განსაზღვრა თუ რამდენადაა ეს არხის თანამშრომელთა პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება, იურისტებს უჭირთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციიაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სასამართლო პრეცენდენტის არარსებობის გამო ზუსტი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შეუძლებელია. ”მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს, ილახება თუ არა მისი პატივი და ღირსება და სასამართლოს უფლებების დაცვა მოსთხოვოს.”

5 მაისის დილას “სირცხვილის დერეფანში” გამოსვლისას უკმაყოფილება გამოხატა საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის დილის გადაცემა “ალიონის” ჟურნალისტმა ნიკა ავალიანმა. აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტს შორის შელაპარაკება, საბოლოოდ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საიამ და სახალხო დამცველის აპარატმა იმავე დღეს დაგმეს ჟურნალისტზე “ფიზიკური ზეწოლა” და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდეს გამოძიება დაეწყოთ. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ “ოპოზიციას საჯაროდ უნდა დაეგმო ეს ფაქტი. ბოდიში უნდა მოეხადა თავისი მხარდამჭერების სახელით და მოეწოდებინა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო.”

ჟურნალისტის ცემაში სამივე ეჭვმიტანილი : მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი, იმავე დღის ბოლოს დააკავეს. საპროცესო დარღვევები

“ისინი დააკავეს, როგორც ტერორისტები” _ ამბობს თამარ ხიდაშელი. მისი თქმით, ხულიგნობა ისეთი სახის მძიმე დანაშაული არაა, რომ სპეც-ოპერაციას საჭიროებდეს: “მათ შუაღამისას დაადგნენ თავზე, თითქოს სხვანაირად ვერ უზრუნველყოფდნენ დაკავებას. შეიძლებოდა მათთვის შეტყობინების გაგზავნა, დაბარება და ბრალდების წაყენება”.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილი თვლის რომ, დაკავებულები საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ და ვარაუდობს, რომ დაბარების შემთხვევაში არ გამოცხადდებოდნენ: “ტიპები იმალებოდნენ პარტიის ოფისებში და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ჩვენ უნდა დაგვერეკა და გაგვეცხადებინა?” ის ამბობს, რომ მათი დაბარება არც უცდიათ.

მეორე მხრივ, დაკავებულთა ადვოკატები მთელ რიგ საპროცესო დარღვევებზე საუბრობენ. რევაზ რევაზიშვილის ადვოკატი დოდო ნეფარიძე ამბობს, რომ რეზოს უფლებები დაირღვა, როცა ის სახლიდან საცვლების ამარა, ღამის 2 საათზე წაიყვანეს, მშობელს არ გააცნეს წაყვანის მიზეზი და არ აცნობეს ბავშვის ადგილმდებარეობის შესახებ. რევაზ რევაზიშვილის ინფორმაციით, მასზე დაკავების და პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროსაც განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. დაკითხეს ღამის საათებში. ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანს შუაღამისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰკითხავენ, თუUამის გადაუდებელი აუცილებლობაა. რევაზიშვილს მხოლოდ დაკავებიდან 5 საათის შემდეგ მისცეს ტელეფონით სარგებლობის უფლება.

მელორ ვაჩნაძისა და გიორგი ონიანის ადვოკატი ნათია კორკოტაძეც იმავე საპროცესო დარღვევებს ასახელებს, რაც რევაზიშვილის შემთხვევაში იყო: “ონიანს კარი შეუმტვრიეს და საწოლიდან აიყვანეს, ხოლო ვაჩნაძეს მანქანაში ეძინა რუსთაველზე, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა მანქანის ძალის გამოყენებით ოთხად მოკეცილი ჩატენა მანქანაში.” იურისტი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ კანონის მიხედვით სამართალდამცავი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს ფორმაში და დაკავებამდე პირს უნდა აუხსნას დაკავების მიზეზი. შოთა უტიაშვილი კი თვლის, რომ აქ უკანონო არაფერი ყოფილა: “ ტყუილია ეს. იტყუება თამარ ხიდაშელი თუ ამბობს, რომ პოლიციამ კაცი არ უნდა დააკავოს, თუUფორმა არ აცვია.” უტიაშვილმა კითხვაზე, თუUრატომ დაესწრო არასრულწლოვანის დაკითხვას 61-ე სკოლის მასწავლებელი, როდესაც ის მე-19 საშუალო სკოლის მოსწავლეა, გვიპასუხა, რომ არაფერი იცის ამასთან დაკავშირებით და პირველად ჩვენგან გაიგო ეს ინფორმაცია.

კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების შემდეგ პროკურატურამ დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. თითოეულს დაეკისრა გირაო 2000 ლარის ოდენობით. გამოძიება გრძელდება.

წამება, არაადამიანური მოპყრობა

სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაზე საუბრობენ დაკავებულთა ადვოკატები. სამივე დაკავებულის ჩვენება ერთმანეთს გავს ისევე, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი “ვექტორის” საქსპერტო დასკვნები, რომელიც მათ ადვოკატების მოთხოვნით ჩაუტარდათ. სამივე პირის ექსპერტიზის დასკვნაში საერთო აღწერის შემდეგ წერია : “მოქ. რევაზ რევაზიშვილს/ გიორგი ონიანს/ მელორ ვაჩნაძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებათ მრავლობითი დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.”

ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, მისი აზრით, ამ ფაქტის გახმაურება თავად დაკავებულთა მხრიდან და სახალხო დამცველის აპარატის მოწოდება საკმარისია იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველოცაა მიერთებული, წერია, რომ როდესაც ადამიანი პოლიციის დაწესებულებაში ან ციხეში ჯანმრთელი შედის და იქიდან სერიოზული დაზიანებებით გამოდის, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა ამტკიცოს და საზოგადოებას თუ სასამართლოს დაუსაბუთოს, რა დაემართა ამ პირს და დამაჯერებლად აუხსნას, რატომ აქვს ის დაზიანენები, რომლებიც მას დაკავების მომენტისათვის არ ჰქონდა.

შოთა უტიაშვილი თვლის, რომ განსხვავებები რევაზ რევაზიშვილის დაკავებისა და იზოლატორის ოქმს შორის ბუნებრივია, რადგანაც, ექიმი “კაპეზეში,” მიჰყავთ და სწორედ იქ დგება ყველაზე დეტალური და ყველაზე სანდო ოქმი. “ერთია როდესაც ადამიანს არაპროფესიანალი შეხედავს და ნახავს რა ჭირს და მეორეა როდესაც ექიმი გახდის მას და გასინჯავს. პირიქით, რომ იყოს ეგ იქნებოდა უცნაური, თორემ ასე რომ არის არაფერი ამაში უცნაური არ არის.” მისივე თქმით, გამოძიება არ მიმდინარეობს, საკითხი შესწავლილია და დადგენილი, რომ დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა. დაზიანებები მათი დაკავებისას მცირე შეხლა-შემოხლაში და ნიკა ავალიანთან ჩხუბის დროს მიიღეს.

დაკავებულების ადვოკატები უახლოეს დღეებში შეიტანენ სარჩელს, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დაზარალებულად ცნობის და მათზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე.

Story by