“გახსენი ”
Published on
ნათია გულიაშვილი
”ხანდახან მხატვრისთვის აუცილებელია უჩვეულო სივრცე - ღამის ცა თავზე, სპონტანური, რადიკალური კავშირი სხვა ავტორების ნამუშევრებთან. ასეთ დროს ხვდები, რამდენად აქტუალური ხარ თანამედროვეობის კონტექსტში, რამდენად ებრძვი დროს... გამოფენა"გახსენი" უაღრესად საინტერესო ექსპერიმენტია - გავხსნათ ცოტა ხნით ფანჯრები და ჩვენც ჩავიხედოთ უფრო ღრმად.
”
ასეთი იყო 1 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული აქცია – გამოფენის იდეა, სახელწოდებით “გახსენი ” (ოპენ უპ). გამოფენის სათაურზე გავლენა საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა მოახდინა, მაგრამ თავისი შინაარსით და ფორმატით იგი თავისუფალი იყო. როგორც იდეის ავტორებმა განმარტეს, აქციის სათაურმა საბოლოოდ მრავალმნიშვნელოვნება და არაცალსახად პოლიტიკური შეტყობინების შინაარსი დაიტია, ანუ ”გახსენი” მეტაფორაა, რომელსაც თითოეული მხატვარი და დამთვალიერებელი მისთვის შესატყვის კონტექტს და ხატებას მოუფიქრებს.
“open up” ნესკაფეს ცნობილი რეკლამიდანაც გახსოვთ ალბათ, – გვითხრა ერთერთმა ორგანიზატორმა მაცაცო გაბუნიამ, - ანუ ეს ასოციაციაცაა იმისა, რომ თანამედროვე ხელოვნება არის ფაბრიკაცია; ფაბრიკაცია - ლოზუნგის, ფაბრიკაცია - მესიჯის, ფაბრიკაცია - მოვლენის”. “გახსენის” ორგანიზატორი, კავშირი “თანამედროვე ხელოვნების კლუბი”, 1999 წლიდან მუშაობს და მონაწილე მხატვრებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30 მდე მხატვრის სხვადასხვა სპეციფიკაში შესრულებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები - ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო, ინსტალაცია, ობიექტი, პლაკატი.
ნახატები ძირითადად სერიების სახით იყო წარმოდგენილი. ერთერთი მათგანის, "მარადმწვანე ოთახის" ავტორი, სოფიო ჩერქეზიშვილი, ტექსტსა და ნახატზე სინქრონულად მუშაობს და სიტყვები ნახატზევე გადააქვს, რაც მისი გმირების ემოციის გაგებაში ეხმარება დამთვალიერებელს და ამასთანავე აზრობრივი განზოგადების საშუალებასაც იძლევა.
ამის საპირისპიროდ, დავით ალექსიძის აბსტრაქტული ნახატების სერია “კომპოზიციები” მთლიადან შავი საღებავით თეთრ ფონზე იყო შესრულებული, კონცეფციის გარეშე და ვიზუალური ეფექტების სახით.
ნახატების გარდა, აქ ნახავდით პლაკატებს, რომელთა ძირითადი თემატიკა ადამიანის უფლებები და სასამართლო სისტემას შეეხებოდა. ამ თემატიკაზე “თანამედროვე ხელოვნების კლუბის” მხატვრები უკვე წლებია მუშაობენ.
აქციაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ორიგინალური ნამუშევარი , კოტე სულაბერიძის მონუმენტი “2003”, რომელიც ავტორმა ვარდების რევოლუციას მიუძღვნა. “ფაიფურის ფირფიტებზე დავადე ხავერდის ნაჭერი, როგორც ხავერდოვანი რევოლუციის იმიტაცია და ოქროსფერ მრგვალ ჩარჩოში ჩავსვი ვარდები. ვიფიქრე, რადგან ყველა რევოლუციას თავისი მონუმენტი აქვს, ვარდების რევოლუციას ეს ჰქონდეს” – ამბობს კოტე სულაბერიძე. მაცაცო გაბუნიას აზრით, “გახსენი” ერთგვარი ჰეპენინგი ურო იყო, ვიდრე აქცია, რამდენადაც მასში უშუალოდ დამთვალიერებლები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანი ღირებულება კი, რაც ასეთი ტიპის საღამოებმა შეიძლება დაამკვიდროს, თავისუფალი სივრცის შექმნაა, რაც აუცილებლად ჭირდება ყველა საზოგადოებას თვითგამოხატვისთვის. სივრცე, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კავშირში შევიდეს ამ სივრცესთან და ერთმანეთთან.