ბავშვთა შრომა – დიდი პრობლემის ერთი რგოლი
Published on
ნათია გულიაშვილი
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში ამ თარიღს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოეხმაურა და ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის ქუჩის ბავშვთა სახლის ბავშვებისთვის მთაწმინდის პარკში აქცია მოაწყო. აქცია World Vision-ისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებას და მომავალს, ზოგადად. ბავშვთა შრომა წყვეტს ბავშვებს თავიანთი ბავშვობიდან, ვნებს მათ პოტენციალს და ნაყოფიერებას.
კანონის თანახმად 16 წლამდე ბავშვების შრომა დაშვებულია მხოლოდ დღეში რამდენიმე საათით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება და განათლების მიღებაში ხელი არ ეშლება. თუმცა, სამწუხაროდ ხშირია ოჯახში ბავშთა შრომის გამოყენების ფაქტები, რის გამოც მოსწავლეები სკოლას აცდენენ, ეს კი მათ ჩამორჩენას იწვევს.
საქართველოში ეს თემა სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან საკმაოდ მარგინალიზებულია. საერთაშორისო შრომის ორგანიაზაციის მიერ ჩატარებული ბავშვთა შრომის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში ბავშვთა 10.56% ასრულებს მათი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს. 7დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 7.26 % მუშაობს 14დან 43 საათამდე კვირაში, 0.5 % მუშაობს 43 საათზე მეტს კვირაში.
ამ კვლევამ აგრეთვე აჩვენა მაღალი უარყოფითი კორელაცია ბავშვთა ეკონომიკურ აქტივობებში ჩართულობასა და სკოლაში დასწრებას შორის. რაც უფრო ბევრ საათს მუშაობენ ბავშვები კვირაში, მით უფრო ნაკლებად დადიან ისინი სკოლაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “save the children”-ის მიერ 2009 წლის 15 აპრილს გამოქვეყნებულ რაოდენობრივ კვლევაში (რომელიც საქართველოს 4 დიდ ქალაქში ჩატარდა) აღნუშნულია, რომ აღრიცხული დაახლოებით 1500 ბავშვიდან, ქუჩაში გამოსვლის ძირითად მიზეზად ისინი ოჯახურ პრობლემებს ასახელებენ : ეკონომიკური სირთულეები (სიღარიბე, უმუშევრობა, უსახლჯარობა და ვალები), ასევე ალკოჰოლიზმი/ოჯახური ძალადობა, მშობლების გარდაცვალება და სხვა.
პროექტი “Life” კი ორგანიზაცია “World Vision”-ის ინიციატივით 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს ორ ქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ბენეფიციარი ბავშვების და რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების რაოდენობა 3000-ს აღემატება.
შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე კუთხით ინტერვენცია: ქუჩის ბავშვების და მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ოჯახში ძალადობას არ აქვს ადგილი და პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობაა, იმის გამო, რომ არ მოხდეს ბავშვის დაკავება ასაკისთვის შეუფერებელი საქმიანობით, პროექტი უნდა დაეხმაროს მშობლებს დასაქმებაში.
უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივები პრობლემის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ეხება და ბუნებრივიცაა, რომ ვერ მოიცავს იმ კომპლექსურ ჯაჭვს რაც ბავშვთა შრომას, ექსპლუატაციას, ტრეფიკინგს, განათლებაზე ხელმიუწვდომლობას და სხვა უამრავ კომპონენტს ეხება. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩართვა.
როგორც “save the children”- ის ერთერთი პროექტის კოორდინატორი, ნინო ნუცუბიძე, გვეუბნება, სახელმწიფომ ამ პროცესში მონაწილეობა არამარტო ფინანსურად უნდა გამოხატოს, არამედ მან უნდა შეიმუშაოს გარკვეული ინსტიტუციური პოლიტიკა ბავშვთა უფლებების დარღვევის პრობლემების გადასაჭრელად.